გორის კულტურის სახლის დირექტორი ქეთევან იარდალაშვილი და მედდა ნინო ჩერქეზიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მომხდარი ფაქტი „ქართლის ამბებს“ დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელმა დაუდასტურა.
როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება მერიის კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გვანცა მჭედლიშვილმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ კულტურის სახლი სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექვემდებარება. გათავისუფლებას საფუძვლად სპეციალურად შექმნილი კომისიის დასკვნა დაედო.
შეგახსენებთ, რომ კომისია კულტურის სახლში მომხდარი დაპირისპირების ფაქტს იკვლევდა, რომელიც ოთახის გამო დაიწყო. კერძოდ, დირექტორს სურდა, რომ დაცვის წევრები მედდის ოთახში მოთავსებულიყვნენ, რაზეც ნინო ჩერქეზიშვილმა უარი განაცხადა და ისინი შიგნით არ შეუშვა. უარის მიღების შემდეგ მხარეებს შორის კამათი მოხდა. კომისიის წევრებმა დაასკვნეს, რომ დირექტორმაც და მედდამაც შინაგანაწესი დაარღვიეს.
იმის გასარკვევად, თუ როგორ მოგვარდება ოთახების პრობლემა, ჟურნალისტები გორის მერიის სააგენტოს ხელმძღვანელს, გვანცა მჭედლიშვილს დაუკავშირდნენ, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თავად კულტურის სახლში კი ადასტურებენ, რომ ოთახები ნამდვილად არ ჰყოფნით.
სტატიის გამოყენების პირობები