გორში ფესტივალი „როტონდა“ მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობებმა ლეგენდარული სპექტაკლით, „ბაკულას ღორებით“ გახსნეს.
როგორც თანამედროვე ქართული თეატრის კრიტიკოსი და ავტორი, ნინო გაბედავა წერს, „ბაკულას ღორებში“ მაყურებელი რუსეთის ნამდვილ სახეს დაინახავს. მისი თქმით: „ნაცვლად იმისა, რომ საწყალ გალაკტიონს თხოვნა შეუსრულოს და მის ეზოს მოაშოროს ბაკულას ღორები, რომლებმაც გადათელეს მთელი კარ-მიდამო. მაღალი თანამდებობის პირთა ქმედებაც, ხელის განბანვა სუფრის დასაწყისში, ხომ იმის მომასწავებელია, რომ პასუხისმგებლობას იხსნიან გარკვეული ადამიანების მიმართ. აი, ეს არის რუსეთის სახე“.
რაც შეეხება უშუალოდ სპექტაკლის სიუჟეტს, მასში მთავარი პერსონაჟია გალაკტიონ ხოსოლიანი. მას ერთი დიდი პრობლემა აქვს: მეზობელ ბაკულას ღორები მუდმივად მის ბოსტანში შედიან და მოსავალს ანადგურებენ. ის ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ჩვეულებრივი გზით შედეგს ვერ აღწევს.
ამის შემდეგ მას ახალი იდეა მოსდის - ცოლის ნათესავის, შაშას დახმარებით, რომელიც კანცელარიაში მუშაობს, სახლში გავლენიან ჩინოვნიკებს იწვევს. მას იმედი აქვს, რომ მათი დანახვით ბაკულა შეშინდება და ღორებს აღარ გამოუშვებს. თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ ვითარდება: სტუმრები სუფრას მიუსხდებიან, ქეიფობენ და საბოლოოდ ღორების ყურებით ერთობიან.
ოჯახს ეს ე.წ. დახმარება კიდევ უფრო ძვირი უჯდება. საბოლოოდ, გაბრაზებული გალაკტიონი შურისძიებას ცდილობს და ჩინოვნიკების წინააღმდეგ უსახელო წერილს წერს, თუმცა ბაკულას ღორები თავიანთ საქმეს მაინც აგრძელებენ.
სპექტაკლის შეფასებისას კრიტიკოსი ასევე აღნიშნავს: „ვაი, რომ არავის შესწევს ძალა წინ აღუდგეს უსამართლობას. ისე აგაოხრებენ და დაგიმონებენ, რომ თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებ, ისე დაგიმორჩილებენ. აბსურდული იმედით ვარსებობთ, როგორც ნინელი ჭანკვეტაძის პერსონა ამბობს: „მალე მოვა ჩვენი ბედი“.
სტატიის გამოყენების პირობები