ახალი ამბები
გორის მე-9 სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გორის მე-9 სკოლის წინ, ზებრა გადასასვლელზე მოსწავლეს ავტომობილი შეეჯახა.

„გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს", - განუცხადეს მედიას შსს-ს პრესსამსახურში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ცნობისთვის, დღეს სპორტის მასწავლებელმა, თეა კეჩხუაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც თავად მოსწავლეები საუბრობენ შეჯახების შესახებ. ამის პარალელურად კი, სხვა ზრდასრული პირები ამტკიცებდნენ, რომ ბავშვი ზებრა გადასასვლელზე უბრალოდ წაიქცა და შეჯახების ფაქტი არ ყოფილა.

როგორც ირკვევა, შემთხვევის ადგილთან ახლოს, სკოლის კედელზე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, რაც გამოძიებას მომხდარის ზუსტი დეტალების დადგენასა და სიმართლის გარკვევაში დაეხმარება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები