ახალი ამბები
ერთთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ციხიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმმა 36 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 32 წლის დიტო მურადაშვილი ცხინვალის ციხიდან ერთთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები 3 სექტემბერს, სოფელ წინაგარის ტერიტორიაზე დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ გადაკვეთა ედებოდათ. 9 ოქტომბერს ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს სასჯელის სახით ჯარიმა და შემდგომი გაძევება შეუფარდა.

ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. უწყების ცნობით, გათავისუფლებული მოქალაქეები უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის განცხადებით, მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში. პროცესში ინტენსიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზი“ და მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები