დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 250 კილოგრამი ასკილი შეაგროვეს. მოსავალს სამკურნალო დაწესებულებებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და სოციალურ სახლებს გადასცემენ, ამის შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა თავის Telegram-არხზე დაწერა.
„როდესაც დავინახე, რამდენი ასკილი გვაქვს წელს, მაშინვე ხაზნიდონი გამახსენდა. ბავშვობაში ხშირად დავრბოდით მთაზე ასკილის შესაგროვებლად.
ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო: უფრო მაღლა ასვლა, ასკილის შეგროვება და შინ მოტანა.
მაშინ, რა თქმა უნდა, ვიტამინებსა და მის სასარგებლო თვისებებზე არ ვფიქრობდით. უბრალოდ, ბუნებასთან ახლოს ვიზრდებოდით და ვიყენებდით იმას, რასაც ის გვაძლევდა“, განაცხადა კამბოლოვმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ შესთავაზა ასეთი აქციის ორგანიზება სკოლის მოსწავლეებისთვის.
„დღეს ცხინვალიდან და რესპუბლიკის თითქმის ყველა რაიონიდან დაახლოებით ათას ხუთასი ბავშვი ასკილის შესაგროვებლად გავიდა.
უკვე დაახლოებით 250 კილოგრამია შეგროვებული. მოსავალს სამკურნალო დაწესებულებებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებსა და სოციალურ სახლებს გადასცემენ“, აღნიშნა კამბოლოვმა.
მან დასძინა, რომ ასკილი სასარგებლო პროდუქტია და C ვიტამინით მდიდარია.
„ჩვენთან მას ყოველთვის აგროვებდნენ, აშრობდნენ და მისგან ნაყენს ამზადებდნენ. თუმცა, ჩემთვის ამ ამბავს სხვა მნიშვნელობაც აქვს.
მინდა, ჩვენმა ბავშვებმა საკუთარი მიწა გაიცნონ. დაინახონ, რამდენად მდიდარია ის. იარონ მთებში. გააცნობიერონ, რომ ისეთ მარტივ საქმესაც კი, როგორიცაა რამდენიმე საათის განმავლობაში ასკილის შეგროვება, სარგებლის მოტანა შეუძლია.
ერთ დროს ჩვენც ასეთივე ბიჭები ვიყავით და ასკილის შესაგროვებლად მთებში დავრბოდით“, აღნიშნა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
სტატიის გამოყენების პირობები