დღეს, რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დროს, სომხური სარწმუნოების წინააღმდეგ ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, სულ ტრაბახობენ სომხები, რომ ჩვენ პირველი ქრისტიანები ვართ.. ამ ტრაბახმა და ამპარტავნებამ იქამდე მიიყვანა, რომ მწვალებლობაში აღმოჩდნენ. 'პირველანნი უკანაო და უკანანი წინაო'... ეს მოხდა. და დღესაც ტრაბახობენ, პირველები ვართ, პირველები ვართო. მაგრამ, სად ხართ? მწვალებლები არიან. მადლობა უფალს, რომ საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების წარმომადგენლები არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები,“ - განაცხადა რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა.
ცნობისთვის, სომხეთი მსოფლიოში პირველ ქვეყნად მიიჩნევა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს მოვლენა ტრადიციულად 301 წლით თარიღდება.
საქართველოს მართლმადიდებელ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებს შორის მნიშვნელოვანი დოგმატური განსხვავებები კი V საუკუნიდან, ქალკედონის კრების შემდეგ ჩამოყალიბდა. ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება 451 წელს გაიმართა და მისი მთავარი საკითხი იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებების ურთიერთმიმართება იყო. კრებამ დაადგინა, რომ ქრისტე ერთ პიროვნებაში აერთიანებს ორ სრულ ბუნებას: ღვთაებრივსა და ადამიანურს. სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ კრების დოგმატური ფორმულირება არ მიიღო, რაც მოგვიანებით ეკლესიებს შორის განხეთქილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა.
სტატიის გამოყენების პირობები