ათობით მშობლისა და ასობით მოწმის განცხადების მიუხედავად, გორის მუნიციპალიტეტის მერიას, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ მოზარდებზე განხორციელებული სავარაუდო დევნისა და დაშინების ფაქტებზე, მოკვლევა არ დაუწყია.
საქმე ეხება გორის მუნიციპალური ინსპექციის კონტროლის განყოფილების თანამშრომლებსა და მოზარდებს შორის მომხდარ ინციდენტებს ავტობუსების გაჩერებებთან.
მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ არასრულწლოვნებს კონტროლიორები ქუჩებში მისდევენ, აკავებენ და პოლიციას იძახებენ, პოლიციის მისვლამდე კი ბავშვებს გადაადგილების შესაძლებლობას უზღუდავენ. მოწმეების განცხადებით, უხეშ მოპყრობას აწყდებიან ისინიც, ვინც შეშინებული და ატირებული ბავშვების დაცვას ცდილობს.
„აბა, მორჩა კონცერტი“ — ასე მიმართავენ, მოწმეების თქმით, მერიის თანამშრომლები იმ ადამიანებს, რომლებიც მოზარდებს გამოესარჩლებიან. საბოლოოდ კი, მათი განცხადებით, პოლიცია ადგენს, რომ მოზარდებს 16 წელი ჯერ არ შესრულებიათ.
ინსპექცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი საქმიანობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება. ამ განცხადებას აზიარებს მერია და მისი ყველა თანამშრომელი.
განცხადებაში განმარტებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16 წლის ასაკიდან პირს M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას მგზავრობის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება.
ინსპექციის განმარტებით, პირის იდენტიფიცირებისა და სამართალდარღვევის დადგენის მიზნით, კონტროლიორს შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, თუ მოქალაქე პირადი მონაცემების მიწოდებაზე უარს აცხადებს.
ინსპექცია ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე არასრულწლოვნის არცერთ მშობელს მისთვის ოფიციალური განცხადებით ან საჩივრით არ მიუმართავს და თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივ გადაცდომას ან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
სტატიის გამოყენების პირობები