ახალი ამბები
„საათში ერთხელ კვდებიან ლეკვები“ - გორში მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად აქცია დაანონსდა

16 ოქტომბერს, 13 საათზე, გორში აქცია გაიმართება. ცხოველთა მართვის სააგენტოს განმარტების მიუხედავად, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ მიუსაფარი ცხოველები გადასარჩენები არიან.

გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ, სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავშესაფარში გადაღებული კადრები “კონტექსტიდან ამოგლეჯილად” გავრცელდა, რაც მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ვიდეოს გადაღების დროს თავშესაფრის ტერიტორიაზე ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით, ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებულნი.“ - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

როგორც თავშესაფარში „ქართლის ამბებს“ განუცხადეს, მოქალაქეებმა თავშესაფარში მოტყუებით შეაღწიეს: „გვითხრეს, მინისტრის მოადგილის მძღოლი ვარო და ასე შემოვიდნენ და გადაიღეს,“ - გვითხრეს სააგენტოში.

ვიდეომასალის გავრცელების შემდეგაც თავშესაფრის ადმინისტრაციამ მედიისთვის მაინც არ გახსნა თავშესაფრის კარი. სააგენტოს ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოს და იქ დაფიქსირებულ კადრებს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

სააგენტოს განცხადების მიხედვით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გახშირდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ფაქტები, ყოველდღიურად ათობით დედის გარეშე დარჩენილი ლეკვი ხვდება სააგენტოში, რომლებსაც მოქალაქეები ქუჩებში, გზის პირებსა და არხებში ტოვებენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა თავად წამოიწყეს კამპანია ლეკვების გადასარჩენად. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ აიყვანონ ლეკვები და იზრუნონ მათზე.

„გორში 300-მდე ლეკვი ჰყავთ და ცივი წყლის შლანგი მიშვებული, მშიერ-მწყურვალები, მკვდრებთან ერთად ცოცხლები გამოკეტილები! საათში ერთხელ კვდებიან ლეკვები“, - დაწერა სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ ცერცვაძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები