რუისის I საჯარო სკოლაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან, თუმცა წინასწარ იციან, რომ დასკვნა უარყოფითი იქნება და შენობის დაცლა მოუწევთ.
სკოლის დირექტორის, მანილა ბალიაშვილის თქმით, მშობლებში გამოკითხვა ჩატარდა და მათგან ხელისშემშლელი ფაქტორები არ გამოკვეთილა. მისი განმარტებით, სკოლა 1956 წელს აშენდა და მას შემდეგ შენობას კოსმეტიკური რემონტი არ ჩატარებია.
„სკოლა 1956 წელს აშენდა. სარემონტო სკოლების ჩამონათვალშია და მას სრული რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. აგვისტოში შენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა შეამოწმეს. ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც შენობა უნდა დავცალოთ და მოსწავლეები რუისის მე-3 საჯარო სკოლაში გადავიყვანოთ."
„სკოლაში 225 მოსწავლე სწავლობს. მშობლებთან გამოკითხვაც ჩავატარეთ და ხელისშემშლელი ფაქტორები არ გამოკვეთილა. ბავშვები იქ მეორე ცვლაში ისწავლიან, მათ ტრანსპორტიც მოემსახურება, ამიტომ მოსწავლეების სასწავლო პროცესს საფრთხე არ შეექმნება", - გვითხრა მანილა ბალიაშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები