კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მცხოვრებ 26 წლის კაცს 15-დღიანი პატიმრობა ემუქრება. სამხედრო პოლიციის ცნობით, მან თავი აარიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
„თავდაპირველად არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე და დაჯარიმდა 1000 ლარით. არც ეს 1000 ლარი გადაიხადა დადგენილ ვადაში, ამიტომ ჯარიმის გადაუხდელობის გამო 2026 წლის 5 ოქტომბერს შევადგინეთ ოქმი, რაც პატიმრობას ითვალისწინებს", - განაცხადა სამხედრო პოლიციის წარმომადგენელმა.
სასამართლო სხდომაზე 26 წლის ახალგაზრდამ განაცხადა, რომ ის არ იმყოფებოდა კასპში და მზად იყო ჯარიმის გადასახდელად.
„მთაში ვიყავი, წალკაში, მესამე კლასიდან გამოვედი სკოლიდან და ცხვარში ვარ. გადავიხადე ჯარიმა", - აღნიშნა მან.
მოსამართლემ განაცხადა, რომ სააღსრულებო ბიუროდან ცნობის წარდგენაა საჭირო თანხის გადახდის დასადასტურებლად. 2 ნოემბერს გადაწყდება, დააპატიმრებენ თუ არა მწყემსს.
სტატიის გამოყენების პირობები