ახალი ამბები
რუისის ბაღს ახალი კომპანია ააშენებს, მოსახლეობა კი ძველის აღდგენას ითხოვს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საბავშვო ბაღის მშენებლობის გასაგრძელებლად ხელშეკრულებას ახალ კომპანიასთან გააფორმებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოფელ რუისის მერის წარმომადგენელმა, შალვა მალაჩინმა მოგვაწოდა.

„დავინტერესდი, მოსახლეობაც მეკითხებოდა. შესაბამის სტრუქტურებში მოვიკითხე და მითხრეს, რომ ძველ კომპანიას, რომელიც ბაღს აშენებდა, ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულება შეუჩერეს. ახლა ახალი კომპანიის შემოსვლას ელოდებიან და სამშენებლო სამუშაოები ისევ განახლდება. იგივე კომპანია აშენებდა ბაღს ურბნისშიც, სადაც სამუშაოები დაასრულა, აქ კი მშენებლობა ასე დატოვა. შენობის დემონტაჟი არ მოხდება, რადგან აქ კარგი ადგილია, ფართიც კარგია და გარემოც. მშენებლობა ისევ ამ ტერიტორიაზე განახლდება. ამ ეტაპზე ბავშვები რუისის მეორე საბავშვო ბაღში დადიან, რადგან ძველი შენობაც სარემონტოა და ბავშვებს ამ ფართის დატოვება 2022 წელს მოუწიათ", - გვითხრა შალვა მალაჩინმა.

ადგილობრივები ძველი საბავშვო ბაღის გახსნას ითხოვენ. სოფლის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ახალი ბაღის მშენებლობის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, ძველი საბავშვო ბაღი გაერემონტებინათ და გაეხსნათ.

„ის მაინც გაუხსენით, რაც ჰქონდათ ბავშვებს. გახსენით ძველი, ყველასთვის საყვარელი ბაღი. ადგილმდებარეობაც ნორმალური აქვს", - წერს თამილა ბუზიაშვილი.

„გაიხსნას ისევ ის, რაც იყო. რაც მაგის აშენებაში ფული დაიხარჯა, სულ ეყოფოდა მის რეაბილიტაციას", - ამბობს ფიქრია მღებრიშვილი.

„მანდ რა უნდოდა საბავშვო ბაღის აშენებას? სადაც იყო, ისევ ის გაგეკეთებინათ. ბავშვი მანდ როგორ უნდა ატარო, ტრასის პირას?" - ამბობს ია ბიხანაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები