ახალი ამბები
ახალი ავტომობილი გორის მერიის ინსპექციისთვის

გორის მერიის კონტროლიორებისა და პარკინგის თანამშრომლების უფროსი ელექტრომანქანას ეძებს. ინსპექციის ცნობით, ჰიბრიდული ავტომანქანა მაღალი გამავლობის უნდა იყოს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მუნიციპალური ინსპექცია ბაზრის კვლევის პროცესშია.

„ქართლის ამბები“ წერდა, რომ გორის მერიამ, შტატების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული თანხის ნაწილი, 160 000 ლარი მუნიციპალური ინსპექციის დასაფინანსებლად მიმართა.

მერის ახსნა-განმარტებითი ბარათით ირკვეოდა, რომ 160 000 ლარი მუნიციპალური ინსპექციის არაფინანსური აქტივების ზრდისთვის იყო გათვალისწინებული. ახსნა-განმარტებაში მერიამ საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს არც კი განუმარტა, რა საჭიროებას წარმოადგენს ახალი მანქანა. მერის მოთხოვნას საკრებულო დაეთანხმა.

გუშინ ინსპექციამ ბაზრის კვლევა დაიწყო მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის შესაძენად. რა ფასად შესთავაზებენ მას ავტოიმპორტიორები, ჯერ უცნობია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები