იგოეთთან ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა, სამივე - „ლექსუსის“ მარკის. ერთ-ერთ მძღოლს გამოძიებასთან პრეტენზიები აქვს.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
„ბატონო მოსამართლევ, იცით, რა მოხდა? მივდიოდი პატიოსნად 110 სიჩქარით ავტობანზე. ჩემ წინ მოულოდნელად აღმოჩნდა გაჩერებული ავტომანქანა. ვცადე გვერდის ავლა მოაჯირის მხარეს. ცალი მხრით მოაჯირს შევეჯახე. ცალი მხრით კი ჩემს წინ მდგარ მანქანას გვერდიდან გავცხე. მეუბნებიან, რომ ვისაც შევეჯახე, ის დაეჯახა კიდევ წინ მდგარ, მესამე მანქანას", - თქვა ქალმა სასამართლო სხდომაზე.
მოსარჩელის მტკიცებით, წინა მანქანების მძღოლებმა მის წინააღმდეგ პირი შეკრეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ სანამ შევეჯახებოდი, წინა მანქანები ერთმანეთს უკვე იყვნენ შეჯახებულები. მე მხოლოდ გვერდიდან წავკარი. ამხელა მანქანას როგორ დავძრავდი? 30 000 ლარის ანაზღაურებას მთხოვენ, ჩემი ხელფასით ამდენ ვერ გავწვდები", - აღნიშნა მან.
რას ამბობს საპატრულო პოლიცია?
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო მანქანის მძღოლის ბრალეულობა მოწმეების ჩვენებებით გამოიკვეთა. თუმცა სხდომაზე მან ისიც აღნიშნა, რომ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარებულა.
„ყველა მათგანი გამოიკითხა, ზოგადად დადგენილი პრაქტიკა გვაქვს, რომ როცა ასეთი შემთხვევა ხდება, ბოლო მანქანაა ხოლმე დამნაშავე. წინა ორი მანქანის მძღოლები ამტკიცებდნენ, რომ გაჩერებულები იყვნენ ჩვეულებრივ, რადგან წინ დაბრკოლება ჰქონდათ. სხვა ავარია იყო მომხდარი. ესენი გაჩერებულები იყვნენ, როდესაც დაეჯახათ მესამე მანქანა, რის გამოც მეორე მანქანა მიეჯახა პირველს", - განაცხადა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა.
რას ფიქრობს სასამართლო?
კასპის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსამართლე დავით პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ქალბატონი გამართლდება, მაშინ უნდა გამოიკვეთოს, ვინაა დამნაშავე.
„საქმეში ჩავრთოთ დანარჩენი მძღოლებიც, მათაც გამოვკითხავთ. ასევე, ჩატარდება ექსპერტიზა პატრულის კადრების მიხედვით. თუ თქვენ გამართლდებით, გამოდის, რომ წინა მანქანების მძღოლებიდან ვიღაცაა დამნაშავე", - განაცხადა მოსამართლემ და 2 თვის წინ მომხდარი ავარიის გამოძიება დაიწყო.
ავარია 2026 წლის 3 აგვისტოს მოხდა. საქმის განხილვა გრძელდება.
სტატიის გამოყენების პირობები