გორის მერიის ინფორმაციით, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 500 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა ორგანიზაცია „სტუდია ოქონას“ გადაერიცხა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურში აცხადებენ, პროექტი: „ილია II ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება“, კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
„ღონისძიება მიმდინარე წლის 20 აპრილს, 19:00 საათზე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სულხან ცინცაძის სახელობის კოლეჯის გოგონათა გუნდი, ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით, ასევე გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა წრეში ჩართული ახალგაზრდები", - აღნიშნულია მერიის კულტურის სამსახურის ანგარიშში.
სამსახურს არ წარმოუდგენია ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯების საკითხი. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ღონისძიებებისთვის გაწეული ხარჯების შესწავლა დაიწყო.
მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტს უკან დაუბრუნდა.
გორის მერიას კი თეატრის დარბაზში ჩატარებული ღონისძიებასთან დაკავშირებით მხოლოდ ჯამური თანხის შესახებ აქვს ინფორმაცია გამოქვეყნებული.
სტატიის გამოყენების პირობები