სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს ეხება. „ქართული ოცნების" 88 დეპუტატი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.
„მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს მმართველი პარტიის არადემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას და ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიზაციის თვისებრივად ახალ, უმძიმეს ეტაპს.
წარმოდგენილი სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ვენეციის კომისიის ფუძემდებლურ სტანდარტებს.
ეს ქმედება საბოლოოდ გამოუთხრის ძირს არჩევნების ინსტიტუტის მიმართ ისედაც შერყეულ საზოგადოებრივ ნდობას, ყოველგვარ აზრს დაუკარგავს მომავალ არჩევნებს, გააქრობს ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ცვლილების პერსპექტივას, ფაქტობრივად, აკრძალავს ქვეყანაში პოლიტიკის კეთებას და ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ დიქტატურას", - აღნიშნულია განცხადებაში.
21, 22 და 23 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე".
სტატიის გამოყენების პირობები