მიწის დეგრადირების ბრალდებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კალოუბანში მოქალაქეს საჯარიმო ოქმი გამოუწერეს.
„ჩემს ნაკვეთში ერთი ადგილი ჩაღრმავებული იყო, მეორე - მაღალი. სადაც მაღალი იყო, ის მიწა გადმოვიტანე ჩაღრმავებულ ადგილზე და ნიადაგი მოვასწორე, აი, ამის გამო მაჯარიმებენ", - განაცხადა მოქალაქემ სასამართლო სხდომაზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქემ საკუთარ ნაკვეთში მიწის მასა მოჭრა, რამაც გამოიწვია მიწის დეგრადირება.
„საიდან ვასკვნით, რომ მიწამ დეგრადაცია განიცადა? ასე, ხომ შეიძლება ბარვის დროსაც ვთქვათ, რომ მიწა დეგრადაციას განიცდის", - ჰკითხა მოსამართლემ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტს, რომელიც ოქმის დაკანონებას ითხოვდა.
„ფოტოსურათები არის მანდ წარმომადგენელი..." - უპასუხა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა.
„ფოტოსურათები გასაგებია, მაგრამ საიდან მტკიცდება, რომ მიწამ დეგრადაცია განიცადა? გვაქვს ამის დასკვნა?" - კვლავ ჰკითხა მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა.
„ასეთი დასკვნა არ გვაქვს", - უპასუხა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
„მაშინ ადგილზე თათბირით ვაცხადებ, რომ გაუქმდეს საჯარიმო ოქმი, შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება მოქალაქის მიმართ ყოველგვარი შენიშვნის გარეშეც კი, მტკიცებულებების არარსებობის გამო", - განაცხადა კასპის მაგისტრმა მოსამართლემ.
სტატიის გამოყენების პირობები