ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის შენობა აღდგენა-რეაბილიტაციას ექვემდებარება. ამის შესახებ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა და სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს.
რამდენიმე წელია, რაც მოხისის სკოლა დაკეტილია.
ექსპერტიზის დასკვნა 2026 წლის მაისში მომზადდა, ხოლო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 2026 წლის 17 აგვისტოს გამოაცხადა. ღირებულება 9 250 264 ლარია, დღგ-ის ჩათვლით.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად „საბა კონსტრაქშენი“ დასახელდა. კომპანიის დამფუძნებელია ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი.
„საბა კონსტრაქშენი“ სხვა პროექტებშიც გამოჩნდა. მათ შორისაა ატენის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სვენეთში, მერეთში, ზეღდულეთსა და სათემოში - საბავშვო ბაღების მშენებლობა. აღნიშნული პროექტების დასრულების ვადად 2030 წელი სახელდება.
რას ამბობს ექსპერტიზის დასკვნა მოხისის სკოლაზე?
დასკვნის თანახმად, სკოლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა შენობა აღდგენა-რეაბილიტაციას ექვემდებარება. შენობას საექსპლუატაციო ვარგისიანობის II კატეგორია მიენიჭა.
„ექსპერტიზის დროს გამოვლინდა მსხვილი ბეტონის საკედლე ბლოკების ვერტიკალური ბზარები, ბეტონის დამცავი შრის დაზიანება და ბზარები შენობის ცალკეულ ნაწილებს შორის შეერთების ადგილებში", - წერია დასკვნაში.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ შენობა სეისმური ნორმების გარკვეულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საჭიროა კონსტრუქციების გაძლიერება და დამატებითი განივი ჩარჩოების მოწყობა.
ექსპერტების რეკომენდაციით, სამუშაოების დაწყებამდე უნდა განისაზღვროს ბეტონის სიმტკიცე და მომზადდეს დეტალური პროექტი. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები, სრული კაპიტალური და კოსმეტიკური რემონტი.
დასკვნის საბოლოო შეფასებით, ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, სკოლის რეაბილიტაცია რენტაბელურია.
სტატიის გამოყენების პირობები