კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარს მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვს და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს.
სააგენტოს ცნობით, ტაძარში გამოვლენილია ნესტით გამოწვეული დაზიანებები, ბზარები კამარებსა და საყრდენ თაღებში, დაზიანებული ქვის ელემენტები და არასტაბილური საყრდენი ბურჯები. პრობლემებია გუმბათის კონსტრუქციებშიც.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტაძრის მდგომარეობის შეფასება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები განცხადებაში მითითებული არ არის.
რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრება, ბზარების შევსება, ნესტის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. სამუშაოები ასევე ითვალისწინებს სამრეკლოსა და გალავნის რეაბილიტაციას.
სტატიის გამოყენების პირობები