გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის სარწყავ არხებში კანალიზაციის წყალი მოედინება.
როგორც „ქართლის ამბებს“ აცნობეს, ცხინვალის საკანალიზაციო ქსელიდან ფეკალურ მასებს სალთვისის არხში უშვებენ, რის გამოც სოფელ ნიქოზში გაუსაძლისი მდგომარეობაა.
„იცით, რას ვუძლებთ?" - გვწერენ ფოტოს ავტორები.
„ქართლის ამბები“ მერის წარმომადგენელს გიორგი ლაზარაშვილს ესაუბრა:
„ეს ფეკალური მასები მოედინება მდორედ, მიწაც უკვე გაჟღენთილია და აუტანელი სუნია სოფელში. საჭიროა, რომ ცხინვალიდან ლიახვის წყალი გამოუშვან, რომ გაანეიტრალოს. ამას არ აკეთებენ. ომის შემდეგ ამ არხში სარწყავი წყალი არ გამოუშვიათ", - გვეუბნება სოფლის წარმომადგენელი.
მისი ინფორმაციით, არხის მდგომარეობით ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებიც იყვნენ დაინტერესებულნი:
„შემხვდნენ მისიის წარმომადგენლები, ვისაუბრეთ, ვუთხარი, რაც იყო საჭირო. დააყენეს საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე. როგორც ვიცი, ცხინვალის მხარე პასუხობს, რომ განვიხილავთ, განვიხილავთო, მაგრამ არ დაადგა საშველი", - გვეუბნება მერის წარმომადგენელი.
სტატიის გამოყენების პირობები