ახალი ამბები
გორის მერია ოთხ უსახლკარო ოჯახს კოტეჯებს უშენებს, დახმარებას კიდევ 181 ოჯახი ელოდება

გორის მერია ოთხ უსახლკარო ოჯახს კოტეჯებს უშენებს, დახმარებას კი კიდევ 181 ოჯახი ელოდება.

სოციალური სამსახურის 2025 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ 185 ოჯახი იყო რეგისტრირებული.

ორი კოტეჯი ქიწნისში შენდება, თითო-თითო კი სათემოსა და კარალეთში. ქიწნისში მცხოვრები ოჯახებისთვის 60-60 კვადრატული მეტრის ფართობის კოტეჯებია გათვალისწინებული, სათემოსა და კარალეთში კი საცხოვრებლების ფართობი 42-42 კვადრატული მეტრი იქნება.

ქიწნისში თითოეული კოტეჯის მშენებლობა 80 ათასი ლარი ჯდება, სათემოსა და კარალეთში კი თითოეულის ღირებულება 55 ათასი ლარია. ოთხივე კოტეჯის მშენებლობაზე ჯამში 270 ათასი ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს კომპანია „აგროტექსერვისი“ ასრულებს. მის ხელმძღვანელ ელგუჯა ბერძნიშვილთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები