„ვიღებდი პენსიას 595 ლარს. ეხლა მომცეს 495 ლარი. დამაკლეს 100 ლარი", - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცის ერთ-ერთ უბანში, გულიკაანთუბანში, მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მოუხსნეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბრიდან რამდენიმე ოჯახმა ვეღარ მიიღო მაღალმთიანი დასახლებისთვის გათვალისწინებული დანამატი. ასევე, ვეღარ სარგებლობენ ელექტროენერგიის გადასახადზე არსებული შეღავათით.
„დედაჩემი 83 წლისაა და თითქმის 100 ლარი დააკლდა პენსია. ჩავედი სოციალურ სამსახურში და სია გადმომიღეს. მითხრეს, ჯერ ხუთი კაცი წერია, იმ თვიდან ყველას მოგეხსნებათო, ნოემბრიდან უკვე მთელ დასახლებას მოგეხსნებათო. ატოცელებს არ ეხება ესო. ჩვენ აბა ატოცს არ ვეკუთვნით?“ - გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
გულიკაანთუბანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობდნენ და შესაბამის შეღავათებსაც იღებდნენ. ახლა კი მათთვის გაუგებარია, რა შეიცვალა და რის საფუძველზე შეუწყდათ ეს სარგებელი.
ადგილობრივ მოსახლეობას „ლელოს“ წარმომადგენელი ზურაბ ლეკიშვილი შეხვდა, რომელიც საკრებულოს წევრია. ზურაბ ლეკიშვილმა მოსახლეობას სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.
სტატიის გამოყენების პირობები