ხაშურის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, თუმცა არ აკონკრეტებენ სამართალდამრღვევის ვინაობას.
„სამართალდამრღვევმა სოფელ ოსიაურის მიმდებარედ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარე მტკვრის კალაპოტიდან უკანონოდ მოიპოვა 100 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული მასალა - ქვიშა-ხრეში. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა", - აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
უწყებაში განმარტავენ, რომ წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება და ეკოსისტემების განადგურება.
სტატიის გამოყენების პირობები