ახალი ამბები
ზერტისა და ვარიანის გაუხსნელმა საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღები წლებია შენდება და არც გახსნილა, ავტორიზაცია წარმატებით გაიარეს. ამის შესახებ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს 2026 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ივნისში ავტორიზაცია წარმატებით გაიარეს ზერტისა და ვარიანის საბავშვო ბაღებმა. ვარიანის საბავშვო ბაღი 2024 წლის დასაწყისიდან შენდება, ზერტის კი - 2023 წლიდან.

ვარიანის საბავშვო ბაღის დირექტორი ვერ განმარტავს, თუ რატომ არ არის გახსნილი ამ დრომდე ობიექტი. ადგილობრივი მოსახლეობა წერდა, რომ ახლადაშენებული ბაღის ეზოში ბალახი ბიბინებს.

„ეზო გათიბულია, შეგიძლიათ ნახოთ. რატომ არ იხსნება? ეს სააგენტომ იცის", - განაცხადა ვარიანის საბავშვო ბაღის დირექტორმა.

რაც შეეხება ზერტის საბავშვო ბაღს, მოსახლეობის ცნობით, შენობის სახურავიდან წყალი ჩადის, ეზოში კი ატრაქციონები ჟანგდება.

თუ რა კრიტერიუმით გაიარეს დაკეტილმა საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია, ამ ეტაპზე უცნობია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები