ახალი ამბები
10.8 მილიონი ლარი აუთვისებელია - გორის მერიამ ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის მხოლოდ 69% დახარჯა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების III კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხების ათვისება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება.

კერძოდ, 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული თანხის დაახლოებით 31% აუთვისებელი დარჩა.

ანგარიშის მიხედვით, გეგმით გათვალისწინებული იყო 34 მილიონ 864 ათას 500 ლარის ხარჯვა, ფაქტობრივად დახარჯულია 24 მილიონ 56 ათას 500 ლარი. შესრულება 69%-ს შეადგენს, ხოლო აუთვისებელი თანხა 10 მილიონ 808 ათას ლარს აღწევს.

9 თვის ანგარიში მერიამ საკრებულოს უკვე წარადგინა. უახლოეს სხდომაზე გაირკვევა, დასვამენ თუ არა კითხვებს მერიის წინაშე „ქართული ოცნების“ წევრები იმის შესახებ, თუ რამდენი პროექტი ვერ განხორციელდა დაგეგმილ ვადებში, თანხების აუთვისებლობის მიზეზი ტენდერების ჩავარდნაა, სამუშაოების დაგვიანება თუ სხვა გარემოებები, და რა მოცულობის სამუშაოების დასრულებას გეგმავს მერია წლის ბოლომდე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები