ახალი ამბები
კასპის სოფელ ზემო ხანდაკში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „ქართლის ამბები" წერდა, რომ შემთხვევა გუშინ, 11 ნოემბერს, დილით მოხდა.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დანაშაული წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიმალული იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი და ტყვიები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები