გორში ახლადგაკეთებულ კორტებს ხელახლა ღებავენ. სამუშაოების გადაღებისას მუშებმა სპორტის ქალ მასწავლებელს შეურაცხყოფა მიაყენეს.
თეა კეჩხუაშვილს ხელიდან ტელეფონი გააგდებინეს და პირდაპირ ეთერში, ძალის გამოყენებით მოედნიდან გაიყვანეს.
გორის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ქალ მასწავლებელს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათი თანამშრომლები არ არიან.
თეა კეჩხუაშვილმა ცოტა ხნის წინ ასევე გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ არის დაზიანებული კორტები, რომელიც გორის მერმა, კოტე ბუზალაძემ 2025 წლის 8 აგვისტოს ჩაიბარა. ექსპერტების აზრით, კორტები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს - კერძოდ, მოედანი არასწორი ორიენტაციით არის მოწყობილი და მისი გადაწყობაა საჭირო.
თეა კეჩხუაშვილს აინტერესებდა, როგორ მიმდინარეობდა კორტების ხელახლა შეღებვის პროცესი. მის ახალ კადრებში ჩანს, რომ დახეთქილი ადგილები წებო-ცემენტით არის ამოვსებული და მიმდინარეობს მისი გადაღებვა.
ჩოგბურთის კორტების მოწყობაზე კომპანია „რედიქს გრუპი“ 2024 წლიდან მუშაობდა.
სტატიის გამოყენების პირობები