გორის უნივერსიტეტის პროფესორი, პედაგოგი, ფილოლოგი და პოეტი გიორგი ხორბალაძე რამდენიმე დღის ინტერვალით გარდაცვლილ ორ თანამედროვე ქართველ შემოქმედს - ლელა სამნიაშვილსა და საშა გველესიანს იხსენებს.
„რამდენიმე დღის ინტერვალით, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორი გამორჩეულად თვითმყოფადი და დიდი შემოქმედი გავიდა წუთისოფლიდან.
„პირველ ჯერზე, სიტყვის თქმაც რომ აზრს კარგავს, ისეთი განცდა მქონდა და უჩუმრად მეტკინა ჩემი წილი ტკივილი. თუმცა, ახლა პირიქით ვარ, რამდენიმე სიტყვა რომ არ დავწერო, ვერ გავჩერდები...
„19-20 წლის ვიქნებოდი, მესამეკურსელი, ახალი სემესტრი დაიწყო და აუდიტორიის კარი დაგვიანებულმა შევაღე. ჯერ ჩემი კურსელების უჩვეულოდ მომზირალი, ცოტა არ იყოს დაბნეული სახეები შევნიშნე და მერეღა აღვიქვი, რომ ლექტორის პოზიციაში იდგა ჯინსის შარვალსა და ბოტასებში გამოწყობილი, ჩვენზე არცთუ ისე უფროსი გოგონა და ძალიან საინტერესოდ საუბრობდა მსოფლიო ლიტერატურის საკითხებზე.
„ვიგრძენი, რომ დაბნეულობა მეც გადამედო. მანამდე მხოლოდ აკადემიურ სტილში ჩაცმული, იშვიათად და სამადლოდ გაღიმებული, ძირითადად მკაცრი სახის ლექტორები გვყავდა ნანახი, წინასწარ რომ გვაშინებდნენ გამოცდებითა და ჩათვლებით - თითქოს დაპირისპირებული მხარეები ვყოფილიყავით. ეს გოგო კი ჩვენიანი იყო, არც ნიშნებით გვემუქრებოდა და არც წარბის შეკვრით გვაშინებდა, ან კი რაში სჭირდებოდა?! თავქუდმოგლეჯილი მივრბოდით მის ლექციაზე და კაი დედის შვილი იყო, ვინმეს ეწყენინებინა...
„მერე შექსპირის 66-ე სონეტის მისეული თარგმანი აგვეკვიატა სამეგობროში, თაბუკაშვილისეული თარგმანი ხომ ვიცოდით, მაგრამ ჩვენ ეს ძალიან გვეჩვენებურებოდა... მოკლედ, შემოვიდა ძალიან სხვანაირი, ძალიან ნიჭიერი, ძალიან განათლებული და ძალიან ჩვენიანი გოგო, რომელიც ისე გვესაუბრებოდა, ლიტერატურაში ჩამალულ ცხოვრებისეულ სიბრძნეებს ისე გვაზიარებდა, რომ მაშინ ძალიან დიდი გვეგონა, არადა, რომ გავიგე მისი გარდაცვალება, მხოლოდ მერე დავფიქრდი - 25 წლისაც არ ყოფილა...
„მაშინდელ ლელა სამნიაშვილზე თითქმის 20 წლით უფროსი ვარ ახლა და თუ რამე პოზიტივი შემაქვს ჩემი სტუდენტების ცხოვრებაში, უდავოდ მისი მაგალითიცაა ამაში. სამწუხაროდ, მან ეს არ იცოდა, პირადად ვერ ვუთხარი, თუმცა ერთ-ერთი დაბადების დღის მისალოც ტექსტში კი მივწერე მოკლედ, მაგრამ ეს ძალიან არასრული ნათქვამი იყო, მეგონა მერე, ოდესმე ვეტყოდი...
„ცოტა უფრო გვიან ერთ კაცთან შემახვედრა ცხოვრებამ, სიკეთის კაცთან, იუმორის კაცთან, პოეზიის კაცთან, ხალისისა და სიყვარულის კაცთან, მასთან ერთად ყოფნა რომ ყველგან დღესასწაული იყო... ლექსებიც წაგვიკითხავს, გვიქეიფია კიდეც, გვილაზღანდარავია კიდეც და გვიმღერია კიდეც ერთად - მართალია, მე უნიჭოდ და მას ძვირფასად, მაგრამ მაინც... მადლიერი ვარ უფლის, რომ ამ ადამიანების ნაცნობობა მარგუნა, ადამიანებისა, რომლებიც უთუოდ დარჩებიან ქართულ ლიტერატურაში.
„ნათელი მათ სამოთხისკენ სავალ გზას... როგორც ჩემმა ძმამ, როინ აბუსელიძემ დაწერა ჩვენს სამეგობრო ჯგუფში, მეც მჯერა, რომ „დღეს გალაკტიონმა დიდი დაბადების დღე გადაიხადა, ლელა სამნიაშვილი და საშა გველესიანი მის დაბადების დღეზე წავიდნენ“...“, - წერს გიორგი ხორბალაძე.
სტატიის გამოყენების პირობები