საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაურის დონის კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმებისას სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.
დადგენილი ნორმის, 100 დეციბალის გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება, მართვის მოწმობას კი 10 ქულა დააკლდება.
სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია იზრდება:
მეორე შემთხვევა - 200 ლარის ჯარიმა და 20 ქულის დაკლება;
მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა - 300 ლარის ჯარიმა და 30 ქულის დაკლება.
სტატიის გამოყენების პირობები