გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საბავშვო ბაღში ავეჯისა და ჭურჭლის შეტანა დაიწყეს. როგორც ბაღის დირექტორმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, ინვენტარის შეტანა ეტაპობრივად მიმდინარეობს:
„პროცესი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. იანვარში უკვე მზად უნდა ვიყოთ ბაღის გასახსნელად, თუ, რა თქმა უნდა, შემომტანი კომპანია კეთილსინდისიერად მოიქცა“, - განმარტავს ბაღის ხელმძღვანელი.
ზერტის საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო. მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბავშვები ამ დრომდე კერძო, ნაქირავებ სახლში დაჰყავთ.
გასულ კვირას სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი შათირიშვილმა საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს სიამაყით აცნობა, რომ საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია 2026 წლის ივნისში წარმატებით გაიარა, რაც ერთპარტიულ საკრებულოში დაიჯერეს.
„ქართლის ამბები“ დაინტერესდა, თუ როგორ გაიარა ავტორიზაცია გაუხსნელმა ბაღმა. აღმოჩნდა, რომ ბაღს ხარვეზების გამოსასწორებლად 6-თვიანი ვადა მისცეს. ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა სამუშაო პროცესი კერძო, ნაქირავებ სახლში შეამოწმეს.
დასკვნაში, რომელიც გიორგი შათირიშვილის შეფასებით წარმატების საწინდარია, წერია, რომ ბაღს მთელი რიგი პრობლემები აქვს, მათ შორის კვებასთან დაკავშირებით. ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა აღმოაჩინეს, რომ კერძო სახლში ბავშვებს დანა-ჩანგალიც კი არ ჰყოფნით. ასევე, ახალ მენიუზე ჯერ არ გადასულან და ხშირად საკვებს რძის ნაწარმის გარეშე იღებენ.
დასკვნის მიხედვით, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურას ავტორიზაციის საბჭო დასკვნის გაცემიდან 6 თვეში, კვების პროცესს კი 12 თვეში გადაამოწმებს.
სტატიის გამოყენების პირობები