გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია მოსკოვში იმყოფება, სადაც რუსეთის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს.
საქართველოს ეკლესიის სახელით რუსეთის პატრიარქს ასევე შეხვდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
„რუსეთის ეკლესიაში დიდ ყურადღებას უთმობენ მოძმე მართლმადიდებელ ეკლესიებთან სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარებას. სასწავლებლად რუსეთში მრავალი სტუდენტი ჩადის, მათ შორის საქართველოდანაც. ჩვენ ძალიან გვიხარია ასეთი შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდების სურვილს, მიიღონ საფუძვლიანი განათლება ღვთისმეტყველების სფეროში“, - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, მეუფე თეოდორემ პატრიარქ კირილს მადლობა გადაუხადა მართლმადიდებლობის დაცვისთვის და მიანიშნა, რომ არ აღიარებენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას:
„თქვენ იცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით, - დაარწმუნა მიტროპოლიტმა თეოდორემ. - ძალიან გვიხარია, რომ თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ასევე მტკიცედ დგახართ მართლმადიდებლობის დასაცავად. ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის“.
სტატიის გამოყენების პირობები