ხიდბოგირი, რომელიც ლევიტანასა და გაგლოაანს შორის
მდებარეობს, გორის მერიას 220 000 ლარი დაუჯდა.
ბოგირი 2024 წლის მაისის სტიქიის დროს დაზიანდა და ლევიტანელები მის აღდგენას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ხელშეკრულება გორის მერიამ 2025 წლის 12 დეკემბერს გააფორმა, რომლის მიხედვითაც მშენებლობა 150 დღეში უნდა დასრულებულიყო.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა:
2025 წლის 18 დეკემბერი: მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ნიკუჭაძე მოხსენებით ბარათში აღნიშნავდა, რომ სამუშაოები თოვლის გამო ვერ იწყებოდა. კომპანიას უფლება მისცეს, მშენებლობა 2026 წლის 1 მარტიდან დაეწყო.
2026 წლის 31 მარტი: კომპანიის ხელმძღვანელმა გორის მერს, კონსტანტინე ბუზალაძეს აცნობა, რომ სამუშაოები ვერც მარტში დაიწყო, რადგან წყლის დონე იყო მომატებული. 8 აპრილს მერმა დადო შეთანხმება, რომ პროცესი 15 აპრილიდან დაწყებულიყო.
2026 წლის 12 ივნისი: ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა პაატა პაპავამ მერს აცნობა, რომ წყალუხვობის გამო სამუშაოები კვლავ არ იყო დაწყებული. საბოლოოდ, კომპანიას ხიდბოგირის აშენების ვადა 2026 წლის 31 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივეს.
2026 წლის 22 ნოემბერს ხიდბოგირი „ქართლის ამბებმა“ მოინახულა. ლევიტანაში ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ეს კონსტრუქცია ამ ზამთარსაც ვერ გაუძლებს, გაზაფხულზე კი ადიდებული მდინარე ტანა მას ისევ წალეკავს.
სტატიის გამოყენების პირობები