დღეს პროევროპული აქციების მონაწილე, ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაური, ორწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, ციხეს დატოვებს. ოჯახის წევრები და თანამებრძოლები გლდანის ციხესთან მას უკვე ელოდებიან.
ანატოლი გიგაური ორი წლის წინ, 2024 წლის 25 ნოემბერს, საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
გიგაური ადასტურებდა ფაქტს, რომ პოლიციელს ხელი ჰკრა, თუმცა აცხადებდა, რომ ეს თავდაცვა იყო. კერძოდ, საპროტესტო აქციაზე, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიმავალს, სამართალდამცველმა ჯერ მუშტი დაარტყა, შემდეგ კი შეაგინა. აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს.
ანატოლი გიგაურის განმარტებით, მას შემდეგ, რაც პოლიციელმა მეორედ სცადა მისთვის მუშტის დარტყმა, მან ხელი ჰკრა და მოიშორა. რამდენიმე საათის შემდეგ იგი სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.
სტატიის გამოყენების პირობები