ახალი ამბები
ღოღეთში მცხოვრები ელენე სიუკაევის ოჯახი სოციალურ დახმარებას შეინარჩუნებს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ღოღეთში ელენე სიუკაევის ოჯახი სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებს. ამის შესახებ ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, უჩა ელბაქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელახალი გადამოწმების დროს, სიუკაევის ოჯახისთვის ქულები იმაზე დაბალი გამოვიდა, ვიდრე აქამდე იყო.

„ქართლის ამბების“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში 81 წლის ელენე სიუკაევი შიშობდა, რომ სოციალური დახმარება მოეხსნებოდა, რადგან სოციალურ აგენტს მონაცემებში ყველის გაყიდვიდან მიღებული მცირე შემოსავალი ჩააწერინა.

„ერთი ძროხა გვყავს, ვაგროვებ ყველს და სამ თვეში ერთხელ დაახლოებით 200 ლარად ვყიდი. აგენტი ისე მელაპარაკებოდა, რომ შეიძლება მომიხსნან დახმარება“, - ამბობდა სიუჟეტში ელენე სიუკაევი.

ელენეს სახლში 13 წლის მოზარდიც ცხოვრობს, რომლის მშობლები შშმ პირები არიან. ამიტომ, როგორც 81 წლის ქალი ამბობს, სოციალური დახმარების მიღება ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები