საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში სოციალური საწარმო „ლუკმალუკმა“ გაიხსნა. საწარმოს ჩეხეთის ელჩი ესტუმრა.
სამზარეულოს მშენებლობისა და აღჭურვის დასრულების შემდეგ „ლუკმალუკმა“ სტუმრებს ქვემო ჭალის „კონას“ სათემო ცენტრში იღებს. სოციალური საწარმო ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 13:00 საათიდან მუშაობს.
ობიექტის მენიუ მოიცავს სენდვიჩს, რომელიც 2 ლარი ღირს და მას უფასო ბოსტნეული და ჩაი მოჰყვება, ასევე ტკბილ ნამცხვარს ჩაისთან ერთად, რომლის ფასი 1.20 ლარია.
„ლუკმალუკმა“ მხოლოდ კვების ობიექტი არ არის. ის ხელს უწყობს ადგილობრივი ქალების მხარდაჭერას, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი საკვების შეთავაზებასა და თემის გაერთიანებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ბავშვები, სოფლის მცხოვრებლები და ევროპული სოლიდარობის კორპუსის (ESC) საერთაშორისო მოხალისეები. საწარმოს შექმნა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
სტატიის გამოყენების პირობები