ხაშურის მერიის გაზეთ „ხაშურის მოამბის“ ცნობით, მერი პაატა ჩადუნელი დასვენების დღეებში სხვადასხვა „ინფრასტრუქტურულ სამუშაოს“ ახორციელებს. გამოცემამ მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც კითხვა თანამდებობის მიღმა ცხოვრებასა და ჰობის ეხებოდა.
შეკითხვა: „ბატონო პაატა, დღეს საზოგადოება თქვენ ხაშურის მერად გიცნობთ, მაგრამ როგორი ადამიანია პაატა ჩადუნელი თანამდებობის მიღმა? რა არის თქვენი ხასიათის მთავარი თვისება და როგორი ხართ ოფიციალური შეხვედრების მიღმა? გაქვთ ჰობი ან გატაცება, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებას შესაძლოა არაფერი იცოდეს?“
პასუხი: „მერის მიღმა ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური ადამიანის ცხოვრებისგან. მაქვს სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სათივეში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით. იქ მაქვს სახლი, მაქვს მცირე მიწის ნაკვეთი, სადაც სახლი არის განთავსებული და თითქმის ყოველდღიურად და დასვენების დღეებში, ჩვეულებრივად, როგორც ყველა სოფელში მცხოვრები ადამიანი, დაკავებული ვარ სხვადასხვა საქმიანობით.
მაგალითად: ეზოს მოვლით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებით იქ ადგილზე - ეს იქნება შეღებვა, სადურგლო საქმე, ელექტროსაქმე თუ ასე შემდეგ. ნებისმიერი საკითხი, რაც სახლისთვის, საოჯახო პირობებში შესაქმნელად არის საჭირო, თავად შემიძლია გავაკეთო“, - პასუხობს ხაშურის მერი.
სტატიის გამოყენების პირობები