ახალი ამბები
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე აჩაბეთის ციხე მძიმე მდგომარეობაშია და ჩამოშლის საფრთხე ემუქრება

ცხინვალელი რესტავრატორი, სლავა ჯანაევი სააგენტო „რესთან“ საუბარში ადასტურებს, რომ დიდი ლიახვის ხეობაში მდებარე აჩაბეთის ციხე მძიმე მდგომარეობაშია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული და ქართველ რესტავრატორებს მისი მონახულების საშუალება არ აქვთ.

„სლავა ჯანაევის შეფასებით, ციხესიმაგრე სასწრაფო ჩარევას საჭიროებს: უკვე ამ ზამთარს არსებობს ნაგებობის ცალკეული ელემენტების ჩამოშლის საფრთხე“, - აღნიშნულია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო მედიის გვერდზე.

„რესის“ ცნობით, დაზიანებული კედლების აღდგენისთვის საჭირო თანხას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი მარატ კამბოლოვი საკუთარი სახსრებიდან გაიღებს.

ჯერ კიდევ 2020 წელს ქართული მხარე აცხადებდა, რომ აჩაბეთის ციხეზე რესტავრაცია ცხინვალის მხარემ უხარისხოდ ჩაატარა. ხელოვნებათმცოდნეები მიუთითებდნენ, რომ ციხესიმაგრეზე სამუშაოების ჩატარება უნდა შეთანხმდეს ქართულ მხარესთან, კერძოდ, საპატრიარქოსთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები