ახალი ამბები
გორში ბუნებრივ აირს ოდორანტი შეურიეს, რასაც ქალაქში გაზის მძაფრი სუნი და მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა

ორში, ქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლებმა გაზის მძაფრი სუნის შესახებ განაცხადეს. მათი ინფორმაციით, სუნი იგრძნობოდა როგორც სადარბაზოებში, ისე ეზოებში. „სოკარ გაზში“ „ქართლის ამბებს“ განუცხადეს, რომ ბუნებრივ აირს სპეციალური ნივთიერება - ოდორანტი შეურიეს.

„დიახ, გორიდან ძალიან ბევრი გამოძახებაა. ოდორანტი იქნა გაშვებული და ამიტომ ძალიან ბევრი გამოძახება გვაქვს. ყველა მისამართზე მივლენ. ამის მიზანი ისაა, რომ ადვილად გამოვლინდეს გაზის გაჟონვის შემთხვევები“, - გვითხრეს „სოკარ გაზში“.

ოდორანტი სპეციალური მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებაა, რომელსაც ბუნებრივ აირს უმატებენ, რათა გაზის გაჟონვის აღმოჩენა შესაძლებელი გახდეს. ბუნებრივი აირი თავისთავად უსუნოა.

როგორც ირკვევა, ოდორანტის შერევის შემდეგ გაზის სუნი არაერთ ადგილზე იგრძნეს. მოქალაქეებმა დახმარებისთვის 112-ს მიმართეს. შეტყობინებები, მათ შორის, ტყვიავის ქუჩის №1-დან, ცხინვალის ქუჩის №7-დან და ლერმონტოვის ქუჩის №9-დან შევიდა.

„შუადღეს დავრეკეთ 112-ზე, რადგან საშინელი გაზის სუნი იდგა როგორც სახლში, ასევე სადარბაზოში. გვითხრეს, სპეცაირი იქნა გაშვებული და ამიტომ არისო. თუმცა, რადგან ორი დღის უკან გვქონდა გაზის გაჟონვის შემთხვევა ბინაში, მოვითხოვეთ მაინც შემოწმება. გამოგზავნეს სახანძრო-სამაშველო მხოლოდ. შუადღის მერე დგანან ეზოში და ამაოდ ელოდებიან სპეციალისტებს“, - წერს მოქალაქე.

მისივე თქმით, საბოლოოდ, დამოუკიდებლად დაუკავშირდა გაზის ხელოსანს, რომელმაც გაჟონვის პრობლემა აღმოაჩინა და აღმოფხვრა. მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც გაზის კომპანიის რეაგირების დაგვიანებას, ისე სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოქმედებებს:

„მაინტერესებს, ამდენ ხანს როგორ შეიძლება ამ ფაქტის ასე რეაგირების გარეშე დატოვება? ან სახანძრო, რომელიც ბინაში არც კი ამოსულა, რისთვის მოიყვანეთ და ალოდინებთ?“ - წერს მოქალაქე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები