ახალი ამბები
10 ლიტრი წყალი ყინვაში და ლოდინი ნოემბრამდე - რა შეცდომებს უშვებენ ფერმერები ნერგის დარგვისას
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, ვანო კაკაშვილის სანერგე მეურნეობაში, გაზაფხულზე ათასობით ნერგს სათითაოდ ამყნობენ. ვაშლატამა, სახლეჩი, ბრტყელი ატამი, ვაშლი, ქლიავი, ნუში - აქაური გარემო ფერმერებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

შემოდგომის პირველივე დღეებიდან მენერგის ტელეფონზე ზარები არ წყდება. მომხმარებლები ნერგს სექტემბრის ბოლოდან ითხოვენ, ვანო კი მათ უარით ისტუმრებს.

ვანო კაკაშვილმა აგრარული განათლება თბილისში მიიღო, შემდეგ ხუთი წელი გერმანიაში ისწავლა და 2011 წელს მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, რათა ოჯახის მცირე სანერგე თანამედროვე მეურნეობად ექცია.

დღეს მისი მთავარი პრინციპი მარტივია: ნერგი მიწიდან მხოლოდ მაშინ უნდა ამოიღო, როცა თავად მცენარეა ამისთვის მზად და არა მაშინ, როცა ბაზარზე მოთხოვნა ჩნდება.

„ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება აზრი, თითქოს ნერგების დარგვა სექტემბერსა და ოქტომბერშიც შეიძლება. ამ შეცდომას უშვებენ ის ადამიანები, ვისაც საკმარისი ცოდნა არ აქვს“ - ამბობს ვანო.



„სანამ მცენარეს ვეგეტაცია არ დაუსრულდება, ფოთლები არ გაუყვითლდება და არ დასცვივდება, მისი გადარგვა არ შეიძლება. ჩვენთან ფოთოლცვენა ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება და გაყიდვებსაც 20 ნოემბრიდან ვიწყებთ. ამ წესს არ ვარღვევთ, რადგან გვინდა, ფერმერის ეზოში ნერგმა კარგად გაიხაროს.“

ნოემბრის ბოლოს გასაყიდად გამოტანილი ნერგების უმეტესობა შიშველფესვიანია, რაც დარგვის ტექნოლოგიის და მეთოდის მკაცრ დაცვას მოითხოვს.

მენერგის თქმით, პირველი ეტაპი სწორი შერჩევაა: ერთწლიანი ნერგი მინიმუმ მეტრ-ნახევარი სიმაღლის უნდა იყოს, ორწლიანი კი - ორ მეტრამდე და კარგად დატოტვილი ვარჯით. თუმცა, სიმაღლეზე მნიშვნელოვანი ჯიშური სიწმინდეა - ფერმერმა, რომელიც წითელ ვაშლს ყიდულობს, წლების შემდეგ ბაღში წვრილი და ყვითელი ნაყოფი არ უნდა მიიღოს.

შერჩევის შემდეგ კი მთავარი ბრძოლა უკვე ნიადაგთან იწყება. მიწის გარეშე ნერგის დიდხანს გაჩერება დაუშვებელია - ის შეძენიდან რამდენიმე დღეში, წინასწარ დამუშავებულ ან ღრმად გაფხვიერებულ ორმოში უნდა მოხვდეს. აქ კი ფერმერები ყველაზე გავრცელებულ შეცდომას უშვებენ: ჰგონიათ, რომ ნოემბერ-დეკემბრის სიცივეში ნერგს წყალი აღარ სჭირდება.

„სინამდვილეში, დარგვისას პირველი მორწყვა აუცილებელია, გარეთ ყინვაც რომ იყოს“ - განმარტავს ვანო კაკაშვილი.

„წყალი მიწიდან ჰაერს გამოდევნის და ნიადაგს ფესვებთან მჭიდროდ აკრავს. ნოემბერში დარგავთ თუ დეკემბერში, თითოეულ ნერგს დაახლოებით 10 ლიტრი წყალი აუცილებლად უნდა დაუსხათ“ - ამბობს ის.



სკრის სანერგეში წელიწადში დაახლოებით 50 ათას ნერგს ამყნობენ. მოთხოვნა გაცილებით მაღალია, თუმცა ვანო წარმოების გაფართოებას ვერ რისკავს.

მიზეზი ორია: კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ქართული აგრობაზრის არაპროგნოზირებადობა.

სანერგე მეურნეობა მუდმივ, მცოდნე ხელს ითხოვს - ადამიანებს, რომლებიც მყნობას ისწავლიან და ხვალ საქმეს არ მიატოვებენ.

რეალობა კი სხვაგვარია: სოფლად ახალგაზრდებს აგრარული საქმიანობა აღარ იზიდავთ.

„ხშირად მაღაზიებში 600-ლარიან ანაზღაურებაზე თანხმდებიან, ჩვენთან კი 2000 – 3000 ლარის სანაცვლოდაც ვერ ვახერხებთ სტაბილური კადრების შენარჩუნებას“ - ამბობს მენერგე.

„ბიზნესს სჭირდება მუდმივი თანამშრომლები. არ გამოგვადგება ვითარება, როცა დღეს ათი კაცი მოვა სამუშაოდ, ხვალ კი, გადამწყვეტ მომენტში, მათ ვეღარ იპოვი“

ამას ემატება დაგეგმვის კულტურის არარსებობა. ევროპული პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში ფერმერები ნერგს წინასწარ თითქმის არ უკვეთავენ.

გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა ღირდა ხილი წინა სეზონზე. თუ რომელიმე კულტურა გაიყინა, დეფიციტი შეიქმნა და ფასი ავარდა, მომდევნო შემოდგომაზე ყველა იმ კულტურის ნერგს ეძებს.


„შარშან ქლიავზე იყო დიდი მოთხოვნა და ნერგებიც კარგად გაიყიდა. წელს ქლიავის ფასი დავარდა, ამიტომ მომავალ სეზონზე მის ნერგებს, სავარაუდოდ, აღარავინ მოიკითხავს“ - ამბობს ვანო.

ნერგის გამოყვანა ძვირადღირებული პროცესია, სეზონის ბოლოს გაუყიდავი ნერგი კი პირდაპირ ზარალს ნიშნავს. ამიტომ, სანამ ბაზარზე გრძელვადიანი გათვლები არ გაჩნდება, სკრის სანერგეში მთავარი ამოცანა არა რეკორდული რაოდენობა, არამედ ბალანსის შენარჩუნებაა - ზუსტად იმდენი ნერგის გამოყვანა, რამდენსაც ქართული მიწა რეალურად დაიტევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები