როგორ დავიცვათ ხეხილი გაყინვისგან - ინტერვიუ დავით ჭუბაბრიას ბლის ბაღიდან
00:02 / 29.11.2026
გორში გაშენებულ ხეხილის ბაღში ერთი ღამის ყინვას შეუძლია მთელი წლის
შრომა წყალში ჩაყაროს. მინუს ოთხ გრადუსამდე დაცემული ტემპერატურა
მოსავლის 95 პროცენტს ანადგურებს.
ფერმერი დავით ჭუბაბრია გაზაფხულის ყინვებს უკვე წლებია ებრძვის. ასეთ
დროს ბაღის დაუცველად დატოვება მილიონობით ლარის ზარალს ნიშნავს.
მზადება ყინვამდე დიდი ხნით ადრე, სპეციალური პრეპარატებით იწყება.
თუმცა, მთავარი გამოწვევა თავად ყინვის ღამეს ბაღის გადარჩენაა.
1.
დაწვიმება
ყინვასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა დაწვიმების
სისტემაა. ეს მეთოდი მარტივ ფიზიკას ეფუძნება: როდესაც წყალი იყინება
და მყარ მდგომარეობაში გადადის, ის ფარულ სითბოს გამოყოფს. სწორედ ეს
ენერგია არ აძლევს მცენარეს ნულ გრადუსზე დაბლა გაციების
საშუალებას.
სისტემამ ყინვის განმავლობაში შეუჩერებლად უნდა იმუშაოს. ხე და
ყვავილი შესაძლოა ყინულის სქელ ფენაშიც კი მოექცეს, მაგრამ სანამ
მასზე წყალი მუდმივად ეცემა, მცენარის ტემპერატურა ნულს ქვემოთ არ
ჩამოდის.
მიუხედავად ეფექტურობისა, ამ მეთოდს დიდი ბარიერები აქვს. 11 ჰექტარ
ბაღს ერთ ღამეში დაახლოებით 7 000 ტონა წყალი სჭირდება. ამას ემატება
რეზერვუარების, პომპებისა და გაყვანილობის დიდი ხარჯი. გარდა ამისა,
ადგილობრივ თიხიან ნიადაგზე ამდენი წყლის დასხმა მიწას ატალახებს და
ბაღში ტექნიკის შესვლას აფერხებს.
წყლის გარდა, დავით ჭუბაბრია ყინვისგან თავის დასაცავად ხუთ
ალტერნატიულ მეთოდს განიხილავს:
2. ქარის
კოშკურები
ერთ-ერთი მეთოდი ქარის კოშკურებია: ეს სისტემა განსაკუთრებით
ეფექტურია უქარო, ე.წ. რადიაციული ყინვების დროს. კოშკზე
დამონტაჟებული პროპელერი ზედა ფენებში არსებულ შედარებით თბილ ჰაერს
დაბლა უბერავს და მიწის პირას დაგროვილ ცივ ჰაერს ფანტავს.
3.
ვერტმფრენი
ეფექტურია ვერტმფრენის გამოყენებაც, აქ პრინციპი იგივეა, რაც ქარის
კოშკების შემთხვევაში - ბაღის თავზე მფრინავი ვერტმფრენი თბილ ჰაერს
ქვემოთ აბრუნებს.
ეს მეთოდი მუშაობს, თუმცა კომერციულად რთულია: ყინვის ზუსტი დროის
წინასწარ გათვლა და საფრენი აპარატის წინასწარ დაჯავშნა თითქმის
შეუძლებელია.
4.
დრონები
ჭუბაბრიას თქმით, ვერტმფრენის უფრო თანამედროვე და ხელმისაწვდომი
ალტერნატივა ინდუსტრიული დრონებია. მათი მეშვეობით შესაძლებელია
ჰაერის ცირკულაცია და თბილი მასების ქვედა ფენებში ჩამოტანა.
5. სხვა
ყივისგან დაცვის საშუალებაა პროპანის აირის დანადგარები: ტრაქტორზე
დამონტაჟებული მოწყობილობები აირის წვის შედეგად ცხელ ჰაერს
გამოიმუშავებს. ტრაქტორი ბაღში მოძრაობს და ხეებს ათბობს. რაც შეეხება
პარაფინის სანთლებს, ეს უფრო ტრადიციული მეთოდია: ბაღში ყოველ
რამდენიმე მეტრში სპეციალურ კასრებში მოთავსებულ სანთლებს ანთებენ.
თუმცა, ფერმერი ქართლის ამბებთან საუბრისას ამ გზას ნაკლებად
ეფექტურად მიიჩნევს - დიდი ფართობის გასათბობად უზარმაზარი რაოდენობის
სანთელი და დიდი შრომაა საჭირო, რაც პროცესს აძვირებს.
ყველა ეს ტექნოლოგია სოლიდურ ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა ჭუბაბრიას
გათვლები მარტივია. როგორც თავად ამბობს, "ერთი მოყინვაც კი ფარავს"
თანამედროვე სისტემების მოწყობის ყველა ხარჯს.
სტატიის გამოყენების პირობები