გორისა და ხაშურის სასამართლოების გადაწყვეტილებით, ორი პირი დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ადვოკატები მეგი ღვინიაშვილი და რევაზ რევაზიშვილი სოციალურ ქსელში იუწყებიან.
მეგი ღვინიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381¹ და 273-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
კერძოდ, საქმე ეხებოდა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლას, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას, რისთვისაც სასჯელის სახით ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
ადვოკატის ცნობით, მიუხედავად წარდგენილი ბრალდებისა და კანონით გათვალისწინებული სასჯელებისა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ მოიხდის და დანიშნულ სასჯელს თავისუფლების პირობებში მოიხდის.
„დაცვის მიზანი მიღწეულია! მადლობა პროკურატურას კონსტრუქციული და ეფექტური თანამშრომლობისთვის“, - წერს მეგი ღვინიაშვილი.
რაც შეეხება ხაშურის სასამართლოს მიერ გათავისუფლებულ ბრალდებულს, ადვოკატ რევაზ რევაზიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლ.ხ. სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ადვოკატის ინფორმაციით, ლ.ხ.-ს ბრალი ედებოდა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენასა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში.
„წლის ბოლოს კიდევ ერთი ახალგაზრდა დავაბრუნეთ სახლში. ლ.ხ. უკვე თავისუფალია და თავის ოჯახთან იმყოფება. მადლობა ბრალდების მხარეს პროცესში შეტანილი პოზიტიური წვლილისთვის. დიდი მადლობა ხაშურის რაიონულ სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!“ - წერს რევაზ რევაზიშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები