ახალი ამბები
პოლიციელები სოფლის ,,ბირჟაზე" ასაკოვან ხალხს ემუქრებიან
ხუთმა ახალგაზრდა პოლიციელმა ასაკოვან ხალხს სოფლის ,,ბირჟაზე" დგომა აუკრძალა და სათამაშო კარტი დაუხია.

ეს ამბავი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში მოხდა.

76 წლის ოთარ გაბოძე ამბობს, რომ პიკაპით მოძრავი პოლიციის თანამშრომლები ბირჟაზე მდგომ მოხუცებს დაკავებით და ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებით დაემუქრა.

ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ პოლიციელები ახალგაზრდები, 20-25 წლის ასაკის არიან.

,,,განსაკუთრებით, აგრესიულობით გორელი ბიჭი გამოირჩეოდა. 76 წლის კაცი ვარ, ესეთი რამ არ გამიგია. აქ ნუ დგახართ, დაიშალეთო. აიღო კარტი და გადაგვახია. თუ არ დაგვემორჩილებით, დაგაკავებთ და დაგაჯარიმებთო. როცა ვუთხარ, სად წავიდე, რა გავაკეთო-მეთი. წადი, ნაკვეთი არა გაქვს, იქ იმუშავეო. მე ვუთხარი, უკვე დაბარული მაქვს-მეთქი" - ამბობს ოთარ გაბოძე.

ნოსტელებისთვის გაურკვეველია, თუ რატომ გამოირჩევიან აგრესიულობით პოლიციელები, მაშინ, როდესაც სოფელში დანაშაული საერთოდ არ ხდება.

,,ჩვენ სოფელში არც ქურდობა ხდება, არც ყაჩაღობა, არც ჩხუბი. ჩაიცმევენ ფორმას ბავშვები და ჰგონიათ, ყველაფრის უფლება აქვთ. არც ერთ მათგანს წოდება არ აქვთ მიღებული ჯერ. დარწმუნებული ვარ, მათმა უფროსმა რომ გაიგოს ეს ამბავი, ყველას გაათავისუფლებს" - აცხადებენ ადგილობრივები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები