ახალი ამბები
ოსურმა მხარემ დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლა
გუშინ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, წითელუბანში მცხოვრები ახალგაზრდა გაათავისუფლეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მშობლების განცხადებით, მათი შვილი არასრულწლოვანია და 18 წელი ჯერ არ შესრულებია.

ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებული უკვე 18 წლისაა. ამის დამამტკიცებელ საბუთად დაბადების თარიღს, 1998 წელს ასახელებენ.

სააგენტოების - "სპუტნიკისა" და "კავკაზსკი უზელის" ინფორმაციით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები თავდაპირველად მისი ვინაობის დადგენას ცდილობდნენ.

დაკავების დღეს ქართულენოვან საინფორმაციო საშუალებებში, ასევე რუსულენოვან "კავაკაზსკი უზელში" გამოქვეყნდა დაკავებულის ნათესავების განცხადება. 

"სპუტნიკ ოსეთია" -ს ცნობით, წითელუბნელი ახალგაზრდის დაკავება ახალგორის რაიონის სოფელ ამძარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ამავე სააგენტოს ცნობით, რუსეთის მესაზღვრეებმა 2016 წლის იანვარ-მარტში ,,საზღვრის გადაკვეთის" ბრალდებით უკვე 20-მდე პირი დააკავეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები