ახალი ამბები
ცხინვალელი ბიოლოგი მცენარეებისა და ფრინველების გადაშენების საფრთხეს ხედავს
„დასუფთავების სამუშაოების შემდეგ, ნარჩენებისა და ბალახის წვამ, შესაძლოა, ცხოველების და ფრინველების გარკვეული სახეობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საერთოდ გააქროს " - აცხადებს ცხინვალელი ბიოლოგი ვლადიმერ გაბარაევი.

ბიოლოგთან ინტერვიუს ოსური სააგენტო ,,სპუტნიკი" ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ცნობით, გახშირებულია ცეცხლის გაჩენა დაუდევრობით, ბალახის ან ნარჩენების წვის შედეგად.

აქედან გამომდინარე, გაბარაევის ამბობს, რომ ბალახისა და ნარჩენების უკონტროლო წვა იშვიათი მწერების, გველების, ბაყაყების და გარკვეული სახეობის ფრინველების განადგურებას უწყობს ხელს.

იგი იმ ფრინველებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ბუდეს მიწაში იკეთებს.

"ტოროლა, მწყერი და ბულბული ბუდეს მიწაში იკეთებენ, ხშირი ხანძარი მათთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. როდესაც ბუდეს და კვების წყაროს კარგავენ, სხვა მხარეს ეძებენ ან ცეცხლში იწვებიან" - განმარტავს გაბარაევი.

ცხინვალის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს დაუდევრობით გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა ხშირად უწევთ.

დაუდევრობით გაჩენილი ცეცხლი ხშირად ტყის მასივს საფრთხეს უქმნის.

,,ბალახის წვა გარემოს დაბინძურებას იწვევს. წვა, რომელიც შესაძლოა დიდ ხანძარში გადაიზარდოს, ატმოსფეროში ნახშიროჟანგად იქცევა." - ამბობს გაბარაევი.

მისი თქმით, ხშირი ხანძრები საფრთხეს, როგორც კავკასიურ ხოხობს, ასევე, ბუს უქმნის, რომელიც წითელ წიგნშია შესული.

სააგენტო ,,სპუტნიკის" ცნობით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მეცნიერებს ადრეც უმსჯელიათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები