ახალი ამბები
ღოღეთში სკოლის შენობა პოლიციას დაუთმეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში არასრული საჯარო სკოლის შენობა პოლიციას დაუთმეს.

ოთხი მოსწავლე, ამჟამად, მეზობელ სოფელ ფცის საჯარო სკოლაში, ზოგჯერ, ფეხით, უმეტესწილად კი, სპეციალური ტრანსპორტით დადის.

ღოღეთელებს არც საბავშვო ბაღი აქვთ.

ადგილობრივი მცხოვრები ლიანა გელაშვილი თვლის, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან მცირეკონტინგენტიან სოფელში სკოლას და საბავშვო ბაღს არავინ ააშენებს.

,,ქვევით სოფელშია საბავშვო ბაღი. ფცის დასახლებაში გააკეთეს და ჩვენს ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურება. ჩვენთან არც სკოლაა. როგორც პატარა სოფელი, ამიტომ არ გვაქვს. ამჟამად, სამი მოსწავლე მიკროავტობუსით დადის ფცის საჯარო სკოლაში."- ამბობს ლიანა გელაშვილი.

ის იხსენებს, რომ წლების წინ ღოღეთში ხის მასალისგან აშენებული სკოლა იყო, რომელიც დაიწვა.

,,ადრე ხის სკოლა იყო, დაიწვა და შემდეგ ვაგონი მოიტანეს. 2008 წლის ომამდე პატარა შენობა ააშენეს. ომის შემდეგ სოფელი ბევრმა ოჯახმა დატოვა. ეს შენობა კი, პოლიციას დაჭირდა და მას გადასცეს. დარჩა სამი მოსწავლე, რომელიც, როგორც გითხარით, მეზობელ სოფელში ტრანსპორტით დადის" - დასძენს ლიანა გელაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები