ახალი ამბები
ნიქოზში ქართული ლავაშის თონე გაიხსნა
სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში ახალი თონე გაიხსნა.

პროექტის ავტორი ნიქოზში მცხოვრები მაკა ლომსაძეა.

ამჟამად, საცხობში ექვსი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. სამომავლოდ მფლობელი საცხობის გაფართოებას და უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

მაკა ლომსაძის თქმით, აღნიშნული პროექტი სახელმწიფომ 80 % – ით დააფინანსა, რის შემდეგაც მოხდა ღუმელისა და თონისთვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების შეძენა.

მაკა ლომსაძე: ,,ეს იყო პროექტი ,,აწარმოე საქართველოში", მოვითხოვე 10 000 ლარიანი დაფინანსება. ამ თანხის 80% იყო მთავრობის წილი, ხოლო 20%-ი იყო ჩვენი წილი. შევთავაზე ქართული ლავაშის წარმოება, პროექტი ჩვენი საცხობის განვითარებაზე დავწერეთ. ვფიქრობთ წარმატებული და მიზანდასახული პროექტია და, ჯერჯერობით, განვითარების დონეზე ვართ"

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში თონის გახსნას დროულ და საჭირო გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

პურის მცხობელი ქართლოს ადვაძე ამბობს, რომ თონის პურით მოსახლეობა კმაყოფილია.

ქართლოს ადვაძე: "ამ დრომდე აქ მსგავსი არაფერი ყოფილა, აბსოლუტურად. შემოდიოდა ქალაქიდან უხარისხო პური, არ იყო კმაყოფილი მოსახლეობა, ხოლო რაც ეს თონე გაიხსნა, იმის შემდეგ ხალხიც მოდის და კმაყოფილები არიან".

მაკა ლომსაძე: ,,ექვსი სოფელი გვქონდა მითითებული, რომ დისტრუბუცია გაგვეკეთებინა და გვეწარმოებინა. ჯერჯერობით, სამ სოფელზე გავედით, დანარჩენს ვერ ვასწრებთ ფიზიკურად. თანდათან დავიხვეწებით, განვვითარდებით და მოვასწრებთ."

საცხობში ამჟამად ყოველდღიურად სამი-ოთხი ტომარა ფქვილი იხარჯება.

ქართლოს ადვაძე: ,,ვაპრებთ, ყოველდღიურად, სულ მცირე 4-5 ტომარა მაინც გამოვაცხოთ. დღესდღობით სამ ტომარას ავცდით, ანუ 4-მდე ვართ მისულები. მალე შეიძლება, 6 ტომარამდეც ავიდეთ".

მაკა ლომსაძე: ,,რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პარალელურად, საკონდიტრო ნაწარმის წარმოება გვინდა დავიწყოთ და გვინდა, კიდევ, ნახევარფაბრიკატები ნატურალურ ხორცზე ვაწარმოოთ".

ქართლოს ადვაძე: ,,ყველაფერს ჭირდება თავისი დანადგარები, ღუმელები, საზელები, ბევრი რამე ჭირდება, ეს გეგმაში გვაქვს და რავიცი, იმედია დაგვეხმარებიან კიდევ და ბოლომდე გაგვიმართავენ ხელს".


Print

სტატიის გამოყენების პირობები