ახალი ამბები
კასპელი მეწარმეები ენერგოეფექტური წარმოების სამოქმედო გეგმაზე მუშაოებენ
კასპში ადგილობრივ მეწარმეთა ნაწილი, გლობალური დათბობის წინააღმდეგ და სხვადასხვა რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, სამოქმედო გეგმის შედგენაზე მუშაობენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს იმ შეხვედრაზე განუცხადეს, რომლის ორგანიზატორები მეწარმეებს, სწორედ, სამოქმედო გეგმის შედგენაში ეხმარებიან.

შეხვედრაზე კასპელი მეწარმეები იმ გზებს და საშუალებებს ეცნობიან, რომლითაც მომავალში ენერგომოხმარებას, ნარჩენებს და ნედლეულის წარმოების ხარჯებს შეამცირებენ.

ამისათვის, ისინი ე.წ. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბებში გაერთიანდნენ.

კლუბები მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის დახმარების აღმოჩენას.

თითოეული კლუბის ამოცანაა პრაქტიკული დახმარება გაუწიოს/ხელი შეუწყოს კლუბის წევრ 8-10 საწარმოს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის განხორციელებაში, რაც გულისხმობს საწარმოს მიერ ეფექტურად მოხმარებულ ენერგიას, უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს, დაზოგილ ნედლეულს/მასალებს და ნარჩენების და ემისიების შემცირებას.

კლუბის პროგრამის დამთავრების შემდეგ ყოველ საწარმოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სამოქმედო გეგმა და დაწყებული უნდა ჰქონდეს ცალკეული საქმიანობა ამ გეგმის განსახორციელებლად. ეს სამოქმედო გეგმები მზადდება თემების/მოდულების მიხედვით.

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ახორციელებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროგრამას (RECP), რომელიც მიმართულია გლობალური დათბობის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, ასევე ევრო რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნისთვის შემზადებას, რადგან უახლოეს მომავალში მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები და ნორმატივები იქნება დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ და შევა ძალაში.

ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიქმნება კლუბები, რომელთა წევრებიც შეირჩევა მასპინძელი ორგანიზაციის მიერ. კლუბის წევრები გაივლიან უფასო ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე: ენერგო რესურსების, წყლის და მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენება, ნარჩენების და ემისიების შემცირება. შემდგომში მოხდება ტექნოლოგიური პროცესის გაცნობა, სადაც იდენტიფიცირებული იქნება საწარმოში შესაძლო გაუმჯობესების გზები (საწაროების შესახებ ინფორმაცია სრულიად კონფიდენციალურია) და კომპანიები სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს ტრენერის დახმარებით, ასევე, მოხდება მათი ერთგვარი რეკლამირება ფართო საზოგადოების წინაშე, პროექტის ფორუმებზე კომპანიების აფიშირების სახით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები