მთელ რიგ შემთხვევებში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ, ოჯახის წევრი (წევრები) არასრულწლოვანზე ახორციელებენ
ფსიქოლოგიურ, ზოგჯერ კი, ფიზიკურ ძალადობას.
ამის შესახებ სახალხო დამცველის თანამშრომლების მიერ შესწავლილი
საქმეების შემდეგ გამოიკვეთა.
სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ ეს პროცესები სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს აფერხებს.
საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში
ყურადღება ეთმობა ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლების
ჯეროვან შესრულებას, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას
არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინების საკითხს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის
განმავლობაში ბავშვთან ურთიერთობის საკითხზე 559 სასამართლო დავა
მიმდინარეობდა, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
ტერიტორიულ ერთეულებში გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 125
მიმართვა განხორციელდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შესწავლილი საქმეებიდან
გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას,
მოსამართლე არ ითვალისწინებს არასრულწლოვნის აზრს, რაც აღსრულების
პროცესში შექმნილი პრობლემების განსაზღვრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ფაქტორს წარმოადგენს.
აღსრულების პროცესს ხელს უშლის ისიც, რომ სპეციალისტები ვერ ახდენენ
არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის იდენტიფიცირებას,
ასევე მათთვის ვერ ხერხდება კვალიფიციური ფსიქოლოგის სერვისის
მიწოდება.
საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
განახორციელოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის
მიმდინარეობისას, არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან
ფიზიკური/ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაცია და
მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, ამასთან, არასრულწლოვანთა
ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, უზრუნველყოს სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სოციალური მუშაკის აქტიური
მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვანთათვის
ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება.
სტატიის გამოყენების პირობები