ახალი ამბები
ცხინვალში ოსური ენის დღე აღნიშნეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 15 მაისს ოსური ენის დღე აღნიშნეს.

სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, განსაკუთრებით, აქტიურობით ,,ოპერაცია Æ" გამოირჩეოდა.

ცხინვალის გარდა, ამ სახელწოდების აქცია ჩრდილოეთ ოსეთში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ვოლგოგრადში გაიმართა.

დაახლოებით 10 ათასი სამაჯური, რომელზეც ოსურ ენისთვის დამახასიათებელი ასოები იყო ამოტვიფრული, ამ ქალაქებში დარიგდა.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აქციისთვის სწორედ ის ქალაქები შეირჩა, სადაც ოსი ეროვნების დიასპორა ცხოვრობს.

აქტივისტები და დიასპორის წარმომადგენლები ამ დღეს ოს პოეტს კოსტა ხეთაგუროვს იხსენებენ, ხოლო მის წიგნს ,,ოსური ლირა" პოპულარიზაციას უწევენ.

კოსტა ხეთაგუროვის ლექსების პირველი კრებული ოსური ლირა (ირონ ფანდირ) 1899 წელს გამოვიდა.

ის ოსებისთვის არამარტო პოეტი, არამედ სულიერი მოძღვარია.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ჯერ კიდევ, 2015 წელს კოსტა ხეთაგუროვის ორენოვანი ლექსების კრებული გამოსცა, რომლის პრეზენტაცია გასული წლის დეკემბერში აღინიშნა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები