ახალი ამბები
26 მაისი მაზნიაშვილის მუზემში დასვენების დღე იყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში 26 მაისს სიმშვიდე იყო. დამოუკიდებლობის დღეს გენერლის სოფელში არც სტუმრები იმყოფებოდნენ და არც რაიმე ღონისძიება გაიმართა.

ოფიციალურად გამოცხადებული დასვენების დღე სახლ-მუზეუმზეც გავრცელდა. მეზობელ სოფელ თელიანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სკვერი გახსნეს.

შიდა ქართლის საინფორომაციო ცენტრს მუზეუმში მეგზურობა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და მეცნიერ-თანამშრომელმა გაუწიეს. მეცნიერ-თანამშრომელი ოლია მაისურაძე ამბობს, რომ ყველა ფოტო, რომელიც საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მხედართმთავარს ეხება, დისშვილისგან შემორჩა.

ყურადღებას ორი ხელნაწერი იქცევს, რომელიც გენერალ მაზნიაშვილს ეკუთვნის. ერთი წერილი მაზნიაშვილმა 1925 წელს პარიზში დაწერა. უფრო სწორედ, ემიგრანტების ჟურნალ ,,სამშობლოს" რედაქციას გამოსაქვეყნებლად მისწერა.

გიორგი მაზნიაშვილს პრესის ფურცლებზე, 1924 წლის აჯანყების გაცემას და დამარცხებას აბრალებდნენ. სწორედ, ამ ჭორების გასაბათილებლად მაზნიაშვილმა თავისი წერილის გამოქვეყნება ითხოვა. თუმცა, ეს წერილი გაზეთში არ დაიბეჭდა.

მუზეუმში ინახება მეორე წერილიც, რომელიც გენერალმა დედას გაუგზავნა.  წარწერა საკუთარ ფოტოზეა გაკეთებული და 1891 წლით თარიღდება.

,,ჩემ საყვარელ დედას ქრისტინ დავიდოვნას მაზნევის მეუღლეს სახსოვრად. გიორგი მაზნევი, პორპრაპორშიკი პიატიგორსკისა, 1891 წელსა 2 ნოემბერს ქალაქ არდაგანში"

გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დააწინაურეს და მისცეს გენერლის ჩინი. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904-1905 წლებში.

მიღებული ჭრილობის შედეგად გიორგი აღმოჩნდა ლაზარეთში, სადაც მას ემსახურებოდნენ თვით ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები, რაც დიდ პატივად ითვლებოდა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. აქვე ესტუმრა გიორგი მაზნიაშვილს იმპერატორი ნიკოლოზ II და პირადად გადასცა წმ. გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის და მიიწვია თავის სასახლეში.

პირველ მსოფლიო ომში მაზნიაშვილი იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. დაიჭრა ვარშავასთან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში, ჩამოაყალიბა 2 დივიზია, რითაც აქტიურად იცავდა თბილისს ქაოსისა და ბოლშევიკური გაფართოებისგან. გიორგი მაზნიაშვილი იყო დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

1918 წლის ბრესტის ზავის თანახმად, თურქებმა დაიკავეს ბათუმი და შეუტიეს გურიას. საფრთხე დაემუქრა ოზურგეთს. გიორგი მაზნიაშვილმა მილიციის, პარტიზანული რაზმების და მოხალისეთა მობილიზების შედეგად გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა თურქებს მდ. ჩოლოქთან. 1918 წ. ის დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად, სადაც ივნისის თვეში წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან დაძრულ ურდოებს. დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი.

1918 წლის ოქტომბერში მაზნიაშვილი დაინიშნა თბილისის ოლქის გენერალ-გუბერნატორად, ხოლო 1918 წ. ნოემბერში ის იყო საქართველო-სომხეთის ომის შულავერის ფრონტის სარდალი. 1919 წ. აპრილში იყო ახალციხისა და ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი, ხოლო 1920 წ. ოქტომბერში დაინიშნა თბილისის გარნიზონის მეთაურად. 1921 წ. თებერვალში გიორგი მაზნიაშვილი მეთაურობდა სოღანლუღის სამხედრო ნაწილებს და მონაწილეობდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იცავდა სოღანლუღის სიმაღლეებს თბილისის მისადგომებთან.

1921 წელს თურქებმა ხელახლა დაიკავეს ბათუმი. გიორგი მაზნიაშვილმა ქართული ჯარის ნარჩენებით გაათავისუფლა ქალაქი და მთლიანად აჭარა საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა. გიორგი მაზნიაშვილი საბჭოთა რეპრესიებს გაექცა საფრანგეთში. ის ერთხანს პარიზში, სადაც, ბევრი უსიამოვნება შეხვდა. საბოლოოდ, დაბრუნდა საქართველოში. მას, როგორც „მოღალატეს“ და „სამშობლოს მტერს“ ახალმა ხელისუფლებამ არ მისცა სამუშაო და პენსია.

გიორგი მაზნიაშვილი დასახლდა თავის მამაპაეულ სოფელ სასირეთში და ხელი მიჰყო გლეხურ მეურნეობას. 1937 წ. რეპრესიების დროს დაიჭირეს მისი ვაჟი და დახვრიტეს. ძალიან მალე თავად გიორგი მაზნიაშვილიც დახვრიტეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია. რუსულ წყაროებში იგი ცნობილია სახელწოდებით გიორგი მაზნიევი.

2013 წელს 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები