ახალი ამბები
გორის ქალთა კამერული გუნდი ბოდიშს იხდის
საგუნდო საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიების მიტოვების გამო, გორის ქალთა კამერული გუნდი მსმენელს ბოდიშს უხდის.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გავრცელდა.

მიმართვის მიხედვით, გუნდს ერთერთმა ორგანიზატორმა შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფესტივალის მიტოვების მიზეზი გახდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დახურვის ღონისძიების დაწყებამდე გორის თეატრის დარბაზში მყოფი ადამიანები ჩაწერა, რომლებიც გორის ქალთა გუნდის გამოსვლას მოუთმენლად ელოდებოდნენ.

საგუნდო საერთაშორისო ფესტივალი 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს დასრულდა. თეონა ცირამუას გუნდის გამოსვლას, ფესტივალის წინა დღეებში, გრანდიოზული ოვაციებით ხვდებოდნენ.

რა შეურაცხყოფაზე ან ,,გარედან შესულ" რომელ ორგანიზატორზეა საუბარი, ეს მიმართვაში არ ჩანს. საპასუხოდ, ორგანიზატორების (გორის მერია და კულტურის სამინისტრო) ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაკეთებულა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მიმართვის ტექსტს სრულად გთავაზობთ. 

,,გორის ქალთა კამერული გუნდის მიმართვა!

ძვირფასო გორელებო, ჩვენ ძალიან განვიცდით, რომ ჩვენს მოსასმენად მოსული გორელი და ასევე უცხოელი გულშემატკივარი გავაწბილეთ და ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე მონაწილება არ მივიღეთ.

ჩვენ ორჯერ გამოვედით თქვენს წინაშე და ორივეჯერ ფესტივალის ერთერთმა („გარედან შემოსულმა“) ორგანიზატორმა მასპინძელ გუნდს შეურაცხყოფა მოგვაყენა.

საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ,,გუშინ“ დაწყებული.

შარშან, ბატონი ჯემალ ბეგლარიშვილისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც გაიმართა ამავე ხელმძღვანელის მეთაურობით, გორის ქალთა კამერული გუნდი არ იქნა მიწვეული, რასაც მოყვა დიდი გარჩევა (არა გუნდის ხელმძღვანელის მიერ) და ბოლოს იძულებულნი გახდნენ, რომ მივეწვიეთ!

აქედან გამომდინარე, ჩვენ ცუდი გორელები ვიქნებოდით, რომ ამ მორიგ შეურაცხყოფაზე რეაქცია არ გაგვეკეთებინა!

ჩვენი გუნდი პატიებას თხოვს გორელებს და უცხოელ სტუმრებს, რომელთა აზრი ჩვენს შესახებ მალე გამოქვეყნდება!

ჩვენ ვაპირებთ გორელებისა და საპატიო სტუმრებისათვის ახლო მომავალში გავმართოთ უფასო კონცერტი, სადაც თქვენს წინაშე წარვსდგებით მრავალფეროვანი პროგრამით.

ჩვენ არასოდეს გვავიწყდება, რომ გორის ქალთა კამერული გუნდი ვართ!

იმედი გქონდეთ, რომ არასოდეს შეგარცხვენთ!

პატივისცემით და დიდი სიყვარულით

გ ო რ ი ს ქ ა ლ თ ა კ ა მ ე რ უ ლ ი გ უ ნ დ ი !"
Print

სტატიის გამოყენების პირობები